დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თბილისელების" თავმჯდომარის გიორგი მუსხელიშვილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ახვლედიანის შუამდგომლობით, ჩინეთის სინჯიანის პროვინციის ხიდების, გვირაბებისა და გზების მშენებლობის საერთაშორისო კორპორაციის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, 80 000 ლარს გადარიცხავს.
დეპუტატებმა ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიები დაათვალიერებინეს და ვითარება გააცნეს.
გიორგი მუსხელიშვილის განცხადებით, ჩინური კომპანიის წარმომადგენლობის საქართველოში მოწვევა ქართულ-ჩინური მეგობრობისა და თანამშრომლობის ასოციაციის მეშვეობით განხორციელდა, რომლის პრეზიდენტსაც გიორგი მუსხელიშვილი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტს გიორგი ახვლედიანი წარმოადგენენ.
„ეს ორგანიზაცია საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონეა და საკუთარ ქვეყანაში მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. ამ ეტაპზე, კომპანია სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 80 000 ლარის ოდენობის შემოწირულობას გაიღებს, ხოლო შემდგომში სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პროექტებშიც მიიღებს მონაწილეობას,“ - განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.
დღესვე, გიორგი ახვლედიანმა სტიქიით გამოწვეული ზარალის მასშტაბებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაზიანებული ობიექტების აღდგენის თაობაზე კომპანიის გამოცდილება და ცოდნა დედაქალაქს ძალიან გამოადგება.